კიტრი და ტარხუნის ლიმონათი VS სპაიდერმენი და ბეტმენი
ვინც უკვე გაიზარდეთ და საკუთარი შვილები გყავთ, ალბათ ყველას გახსოვთ როგორ აღნიშნავდნენ თქვენს დაბადების დღეს ბავშვობაში.
უფროსები დიდ მაგიდასთან შემოიკრიბებოდნენ, ბავშვები პატარასთან. მერე მიდიოდა სირბილი მაგიდის გარშემო კიტრითა და ტარხუნის ლიმონათით, რომლის გემოც ალბათ ახლაც გახსოვთ. ზუკოთი და ინვაიტით შეღებილი ენაც გემახსოვრებათ.
რომელიმე ნათესავი ან მშობლების მეგობარი ჯიბეში ჩაგიკუჭავდათ 20 ლარიანს, რომელსაც დედა ბევრ ხურდებში გადაგიცვლიდათ და ყველა კმაყოფილი იყო.
ალბათ ახლა ტკბილად გახსენდებათ კედლის ხალიჩაზე ჩამოკიდებული, ნაჩუქარი ფუნფულა სათამაშოები და უხარისხო ბარბის თოჯინები, თუმცა დროსთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თანამედროვე ბავშვებს ისეთი მოთხოვნები გაუჩნდათ, რომელსაც სულ რაღაც 20 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით.
ბნელი და ტკბილი 90-იანები წარსულს ჩაბარდა და ჩვენს ქვეყანასაც ნელ-ნელა განვითარება დაეტყო.
არ ვიცი , საქართველოში, ბავშვთა გასართობი პირველი ცენტრი რომელ წელს განჩდა, მაგრამ ალბათ სახლში სტუმრებისგან და ბავშვების ხმაურისგან შეწუხებული მშობლები გენიალურ იდეამდე მივიდნენ და შესანიშნავი ბიზნესიც ააწყვეს.
ეს ბლოგპოსტიც ისე განვითარდა, როგორც ცხოვრება ჩვენი ბავშვობიდან ჩვენი შვილების ბავშვობამდე და ახლა თბილისის ყველა უბანში რამდენიმე, ერთმანეთზე უკეთესი ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრი გაჩნდა.
ბავშვებისთვის დაბადების დღის სპეციალურ ცენტრში გადახდას, რომ ბევრი უპირატესობა აქვს, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი:
- სახლი დალაგებული და სუფთაა
- საჭმელის, ტორტისა და გაზიანი სასმელების ნარჩენების გაწმენდა არ გვიწევს
- მეზობლებს ხმაურის გამო ბოდიშს არ ვუხდით
- არ გვიწევს ჯერ სუპერმარკეტში ბოდიალი და შემდეგ სამზარეულოში ტრიალი
- ბავშვები არიან უსაფრთხოდ და უფროსების ზედამხედველობის ქვეშ
- არ გვიწევს თავი ვიმტვრიოთ ბავშვებისთვის გასართობების მოფიქრებით
- დეკორაციები, მუსიკა და განათება პროფესიონალურ დონეზეა
- ასარჩევად გვყავს ბავშვებისთვის საყვარელი მულტფილმისა და ზღაპრის პერსონაჟები
- პროფესიონალი წამყვანი და ანიმატორი დღის ბოლოს დაღლილ და ბედნიერ ბავშვებს გვჩუქნის
- დაბადების დღის ბოლოს გვრჩება პროფესიონალის გადაღებული ფოტო და სურვილის შემთხვევაში, ვიდეო მასალა
- ბავშვები და მშობლები ბედნიერები და კმაყოფილები არიან
- და ბოლოს, ყველაზე მთავარი, მშობლებს მშვიდად შეგვიძლია ტორტის ჭამა და ჭორაობა.
ამის მერე თუ კიდევ გადაწყვეტთ ბავშვებს დაბადების დღე სახლში გადაუხადოთ, ჩვენც დაგვპატიჟეთ.